ფრესკოს დამფუძნებლის მორიგი სკანდალური განცხადება. სოფრომაძე ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს

ფრესკოს მფლობელი, ვასილ სოფრომაძე ფეისბუქზე მორიგ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. 

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ახალი ჰიპერმარკეტის მშენებლობის სანაცვლოდ, მერიის მაღალჩინოსნები მას აიძულებენ, იმ კონკრეტული მიწის ნაკვეთის შეძენას, რომელიც კალაძის მოადგილის ოჯახს ეკუთვნის. თუმცა, ვასილ სოფრომაძე მიმართვაში კონკრეტულ ჩინოვნიკს არ ასახელებს.

ფრესკოს დამფუძნებელი ყვება, რომ მას დიდუბეში, წერეთლის ქუჩაზე, სუპერმარკეტის გახსნა სურდა, მაგრამ დედაქალაქის მერიიდან ოფიციალური წერილი მიუვიდა, სადაც რეკომენდაციის სახით წერია, რომ კომპანიამ სხვა ნაკვეთი შეიძინოს.

სავარაუდოდ  ვასილ სოფრომაძე თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის, სიმამრის მიწის ნაკვეთის შესახებ საუბრობს. სწორედ გივი მცხვეთაძის სახელზეა რეგისტრირებული ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე კონკრეტული ფართი.

სოფრომაძე ბიძინა ივანიშვილსაც აკრიტიკებს  და ამბობს, რომ მას ხელისუფლებასთან გარკვეული პრობლემების შექმნის გამო, მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა 15-მილიონიან ინვესტიციაზე უარი თქვა და შესაბამისად, ეს თანხა ქვეყანაში არ შემოსულა.