გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ავტორი, ილაი ლეიკი შეერთებულ შტატებში ბიძინა ივანიშვილის მიერ ლობისტების დაქირავებაზე საუბრობს, საქართველოს მთავრობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ლეიკი სტატიაში ფულს იღებს. ლეიკი ბრალდებას უარყოფს.
„Bloomberg-ის სტატია დასპონსორებული რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ Bloomberg-ს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… დღეს აქვეყნებს მასალას, რომ თითქოს 77 მილიონს ხარჯავს”, – თქვა თალაკვაძემ.
ლეიკი თალაკვაძეს პასუხობს და ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც მის სტატიაში ფულს იხდის, ეს თავად ის გამოცემაა, სადაც მუშაობს.
„ეს სავსებით მცდარია, ერთადერთი, ვინც ჩემს სტატიაში ფულს მიხდის Bloomberg-ია, სადაც მე ვმუშაობ. არასერიოზულია მოსაზრება, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ამაში ფულს უნდა იღებდეს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი, კონგრესის წევრები, “ფრიდომ ჰაუსი” და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი შეთქმულების ნაწილი არიან“, – უთხრა ლეიკმა „ამერიკის ხმას“.
სტატიაში ლეიკი „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანია „ჰოგან ლოველსის“ დაქირავებაზე წერს, რომლის მომსახურებაც პარტიას თვეში 75,000 დოლარი დაუჯდება. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის „უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტი“ (FARA) აჩვენებს, რომ კონტრაქტი კომპანიას 2021 წლის იანვრამდე განესაზღვრა და მთლიანობაში ის ამ მომსახურებაში 900,000 დოლარს მიიღებს.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ კომპანიის გარდა, კიდევ ერთი კომპანია „DCI ჯგუფი“ იქირავა, რომლის კონტრაქტის ვადაც 2020 წლის 31 ოქტომბრამდეა და რომლის მომსახურებაშიც პარტია 300,000 დოლარს გადაიხდის. ეს კონტრაქტები სწორედ პარტიის მიერაა გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“, ყოველ საარჩევნო წელს ლობისტურ კომპანიებზე გაწეულ ხარჯებს მკვეთრად ზრდის.
ცალკეულ კომპანიებს ქირაობს ასევე საქართველოს მთავრობაც. გასულ წელს, მათ „ჩართველ სტრატეგი ჯგუფს“ დაახლოებით 780,000 დოლარი გადაუხადეს. ამ კომპანიის ერთ-ერთი მიზანი აშშ-ის კონგრესისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” განცხადებით, კონგრესში ინფორმაცია არასწორად მისდით, ამ კომპანიას საქართველოს მთავრობამ კონტაქტი განუახლა.
ილაი ლეიკი საქართველოს შესახებ ათეული სტატიის ავტორია. ცოტა ხნის წინ, მან კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამერიკელი სენატორების მხრიდან საქართველოს მიმართ კრიტიკაზე საუბრობს, და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გაზარდოს ზეწოლა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე.
„სენატორი რიში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, საქართველოსთვის საგარეო დახმარება იქნება თუ სამხედრო, ყველაფერი მის კომიტეტში გადის. ამ პოზიციაზე მას ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა აქვს. ამიტომ მე სენატის საგარეო კომიტეტის მნიშვნელობას არ დავაკნინებდი“, – ამბობს ლეიკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
კონგრესის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ლეიკს საუდის არაბეთის მაგალითი მოჰყავს, როგორც შეერთებული შტატების მოკავშირის, რომლის წინააღმდეგაც კონგრესმა სანქციები მიიღო.
„დემოკრატიის დაღმასვლა გაზრდის ზეწოლას კონგრესში ორივე პარტიიდან, რომ რაიმე მოიმოქმედონ საქართველოს შემთხვევაში“, – აცხადებს ის. „მე მოვუწოდებდი ივანიშვილს, ყურადღება მიაპყროს რა მოხდა საუდის არაბეთის [ტახტის მემკვიდრის] მუჰამედ ბინ სალმანის შემთხვევაში. შეერთებულ შტატებს საუდის არაბეთთან უფრო მტკიცე ურთიერთობა აქვს წლების განმავლობაში, ვიდრე საქართველოსთან და ეს ადმინისტრაცია საუდის არაბეთს მტკიცედ უჭერს მხარს. თუმცა, კონგრესში შეშფოთების ზრდის გამო, ჩვენ ვიხილეთ არა მხოლოდ „მაგნიცკის აქტის“ გავლით საუდის არაბეთის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციები, არამედ საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდების გაჭიანურება, და ეს მოხდა ირანთან ცხელი ომის ფონზე“, – ამბობს ლეიკი.