გააძევეთ ეს კომპანია: კალაძის დავალება მერიას

თბილისის მერია შპს ტაოსთან, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში, საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებდა, ხელშეკრულებას წყვეტს. დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კომპანიის გაძევება მოითხოვა. კახა კალაძის განცხადებით, შპს ტაოს სკვერის მოწყობის სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა გამოვლენილი ხარვეზების გამო მუნიციპალურმა ინსპექციამ სკვერში სამუშაოები შეაჩერა. კალაძემ სხდომაზე ფოტომასალაც წარმოადგინა, რომელზეც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია ასახული.

ტაქსების თეთრად გადაღებვა პირველი მარტიდან დაიწყება. თბილისის მერი ამბობს, რომ მარტიდან ავტომობილების გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერებს, მხოლოდ ის ტაქსის მძღოლები მიიღებენ, რომელთაც ტექდათვალიერება გავლილი ექნებათ. ტაქსების გადაღებვას კი კომპანია, ალმა უზრუნველყოფს, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ორი წლით ტაქსებზე რეკლმის განთავსების უფლება ეძლევა.

კალაძემ თბილისის მეტროპოლიტენში 4 ახალი შემადგენლობის დამატებაზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, მეტროსადგურებში მოცდის დროს შეამცირებს. ასევე დააანონსა მიწისზედა მეტროს პროექტებიც, რომელიც ორი – სამგორი- ლილოს და თბილისი-რუსთავის მიმართულებით იგეგმება. პროექტებთან დაკავშირებით მერიამ კონკურსი უკვე გამოაცხადა.

დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. კახა კალაძე ამბობს, რომ პირველ რიგში, საცხოვრებელი ფართებით ის ოჯახები დაკმაყოფილდებიან, რომელთაც ყველაზე მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოსწავლე ახალგზრდობის სასახლეს. უკვე გამოცხადებულია კონკურსი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, რომელიც 10 თებერვალს დასრულდება. პროექტირების ღირებულება კი 599 000 ლარია.