გადააყენებენ თუ არა ხვალ თანამდებობიდან გვარამიას.სამთავრობო ანალიტიკოსი შესაძლო სცენარზე წერს

სახელისუფლო ანალიტიკოსი, გია აბაშიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე იმ შესაძლო სცენარზე წერს, რომელიც ხვალ ტელეკომპანია რუსთავი2-ში შეიძლება განვითარდეს.

“როგორც შევიტყვე, ხვალ, 25 მაისს, “რუსთავი2”-ის პარტნიორთა კრებაა დაგეგმილი. ცნობილია, რომ ტელეკომპანიის 9 %-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ბრალდებები ნიკა გვარამიას მიერ ფულის გათეთრებას უკავშირდება. არსებული კანონმდებლობით კი, ეს, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. ასევე ცნობილია, რომ თუ ასეთ საქმეზე გენდირექტორს დაემუქრა ციხე, დღის წესრიგში დგება კომპანიის მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხიც…

მაღალი ალბათობით, პარტნიორთა კრებაზე ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება. შესაძლოა, ტელეკომპანიის მფლობელები მას გაემიჯნონ. ანუ დადგება შეკითხვა – განეშორები გვარამიასა? პასუხად, სავარაუდოდ – განვეშორები! და სამჯერ თანდაყოლილი “ფუი ეშმაკს!” 🙂
ექს-პროკურორმა გვარამიამ მშვენივრად იცის თუ რამდენად მძიმეა სასჯელი ფულის გათეთრებაზე თუკი ბრალდება დამტკიცდა.
რატომ ჩაიდინა ეს? მიზეზი მარტივია – ამოცანაა ფინანსებისაგან დაცლილი ტელეკომპანია ადრე თუ გვიან დახვდეს ქიბარ ხალვაშს…
დაველოდოთ ხვალინდელ სავარაუდო ‘განვეშორების’ შეძახილს “ერორის” პარტნიორთა კრებაზე…“– წერს გია აბაშიძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის მოთხოვნით ხვალ პარტნიორთა კრება გაიმართება. ნიჟარაძის ადვოკატმა მოთხოვნები ბრიფინგზე გაახმოვანა. ნიჟარაძე რამდენიმე მოთხოვნას აყენებს.

ყავლაშვილის განცხადებით, თუ მოხდება არბიტრაჟზე შეთანხმება, მაშინ სასამართლოდან სარჩელს უკან გაიწვევენ. ნიჟარაძის მხარეს აინტერესებს “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის და პარტნიორების პოზიცია მათთვის საინტერესო ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.

„შევთავაზეთ არბიტრაჟის მეშვეობით საკითხის გადაჭრა, არბიტრაჟში დავის გადატანა,. ეს გაჟღერდა რუსთავი 2-ის დირექტორის მხრიდან, ჩვენ ვეხმიანებით ამ განცხადებას და მზად ვართ, რომ მივაღწიოთ ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებას და ასევე, ვთავაზობთ კიდევ უფრო მარტივ გზას და ეს მარტივი გზა გახლავთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტების გადაცემა მსოფლიოში წამყვანი 4 აუდიტორული კომპანიისთვის, სხვადასხვა შესაბამისი საკითხებით და წინასწარ ვაცხადებთ, რომ მხარეთა შეთანხმებით, თუკი იქნება არჩეული ასეთი აუდიტორული კომპანია, ჩვენ ყველანაირად ვენდობით იმ შედეგებს, რომელსაც ეს აუდიტორული კომპანია დადებს,“ – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

სამაუწყებლო კომპანია რ2-ის ერთ-ერთმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ ამავე ტელეკომპანიის, მისი სხვა მფლობელების, ნიკა გვარამიას და გაყიდვების სახლის, ინტერმედიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა რამდენიმე კვირის წინ წამოიწყო. ის ზიანის ანაზღაურების სახით ათეულობით მილიონ ლარს ითხოვს, რომლის დიდი ნაწილი მისი მოთხოვნით ტელეკომპანიის ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს.