,,გადადგეს პლაგიატი რექტორი”- მოძრაობა ,,სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ” შარვაშიძის გადადგომას ითხოვს

სტუდენტური მოძრაობა ,,სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ” თსუ-ის რექტორის , გიორგი შარვაშიძის გადადგომას ითხოვს.

მოძრაობა, რომელშიც თსუ-ის სტუდენტები არიან გაერთიანებული, პეტიციას – ,,გადადგეს პლაგიატი რექტორი”,  აქვეყნებს.

პეტიციაში წერია, რომ შარვაშიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პლაგიატიზმზე და თანამდებობა დატოვოს.

,,თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ მასალა 2019 წელს რადიო თავისუფლების და სტუდია მონიტორმა მოამზადა, რაც ასევე დადასტურდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნით. მოვითხოვთ, რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აიღოს პასუხისმგებლობა ამ პლაგიატიზმზე და საზოგადოების, უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების წინაშე ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, დატოვოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა”,- ნათქვამია განცხადებაში.

საქმე ეხება 2003 წლის დისერტაციას, რომელიც შარვაშიძემ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიაუნის დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც, პროფესორის განმარტებით, გიორგი შარვაშიძის პლაგიატობას ადასტურებს.