“არც მოთხოვნების გადაკეთებას ვაპირებთ, არც რამის დამატებას და არც რამის გამოკლებას. არავითარი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ჩვენი მხრიდან არ იქნება“, – ასე უპასუხა სააკაშვილის მოწოდებას თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ–ერთმა მონაწილემ, შოთა დიღმელაშვილმა.
აქციის ორგანიზატორის თქმით, ისინი თავად გადაწყვეტენ, თუ რა მოთხოვნებს წაუყენებენ მთავრობას, აქციები კონკრეტული მოთხოვნებით დაიწყო და ამ კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთანავე დამთავრდება.
“ჩვენ 5 დღეში მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხეს ამ პოლიტიკოსებმა დიდი ხნის განმავლობაში.“ –აცხადებს დიღმელაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა აქციის ორგანიზატორებს ვადამდელი არჩენების მოთხოვნისკენ მოუწოდა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სააკაშვილმა თქვა: “არ ვაპირებ თქვენთვის ჩემი აზრის თავზე მოხვევას ან რაიმე კატეგორიული რჩევის მოცემას იმედია ვერავინ ვერ შეძლებს თქვენით მანიპულირებას. თქვენ გამოაჩინეთ, გონიერება, საღი აზრი და გამბედაობა. უბრალოდ
მაქვს რამდენიმე კითხვა.
თქვენს უკან, პროტესტანტების უკან ვხედავდი ლოზუნგს რიგგარეშე არჩევნების. სად გაქრა ეს ლოზუნგი? ეს კითხვა მაქვს მე და აქვს ბევრ სხვას.
ჩემი აზრით ჩვენ არ უნდა მივცეთ ივანიშვილს თავის დაძვრომის საშუალება.უსამართლობა იმიტომ კი არ არის, რომ მისი ცალკეული მოჯამაგრიეები სჩადიან დანაშაულს, არამედ იმიტომ რომ არის ივანიშვილი. გახარიამ გუშინ ფაქტიურად თქვა, რომ დარბევის და დახვრეტის ბრძანება გასცა ივანიშვილმა.
ეს კითხვა იმისთვის, რომ ამ დღეებში ვერავინ ვერ შეძლოს ივანიშვილისთვის უკანა კარებიდან გამოსასვლელის მიცემის უფლება. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ასე უნდოდეს.
რატომ არ ისმის სუსის უფროსის სახელი, რატომ არ ისმის დაცვის სამსახური უფროსის ანზორ ჩუბინიძის სახელი. ეს არის ივანიშვილის პირადი მცველი. ეს არის კითხვები.“
შეგახსენებთ, რომ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები რუსთაველზე მას შემდეგ იმართება, რაც 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, გავრილოვის პარლამენტის სპიკერატის ტრიბუნაზე გამოჩენას ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა. სპეცრაზმმა კი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების საშუალებით დაშალა. ფიზიკური დაზიანებები მიიღო ათეულობით ადამიანმა. რამდენიმემ თვალი დაკარგა. დააკავეს 300 ადამიანი.
მეორე დღიდან რუსთაველზე საპროტესტო აქცია არ შეწყვეტილა. 3 მთავარი მოთხოვნიდან 2 უკვე დაკმაყოფილდა:
ყველა დაკავებული გაათავისუფლეს და ხელისუფლებამ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა.
მესამე მოთხოვნა, შსს მინისტრის გადადგომა ჯერჯერობით არ კმაყოფილდება. ამიტომაც აქციის ორგანიზატორები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. შაბათს 7 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე თავისუფლების მარში გაიმართება. აქციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. პოლიტიკოსები ტრიბუნებზე ნაკლებად ჩანან. აქციის ორგანიზატორთა ჯგუფიცი უპარტიო ადამიანებისგან შედგება.