გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა რომ დარბევის ბრძანება გასცა თვითონ – სააკაშვილი ივანიშვილზე

არეული ინტერვიუ პარტიული აქტივის გასამხნევებლად – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ სახეზეა წარმავალი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც უკვე საქართველოს პოლიტიკური წარსული ხდება. მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეომიმართვით უპასუხა.

სააკაშვილის თქმით, ოლიგარქების დრო ყველა ქვეყანაში სრულდება. „ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო სრულიად არეული ინტერვიუ. ის რა თქმა უნდა ცდილობს, რომ თავსი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს. ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულს. ის ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა რომ ბრძანება დარბევის გასცა თვითონ. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს. რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა. თავისი ანტისახელმწიფოებრივი სახელმწიფოს დანგრევის პოლიტიკაში მთავარ ხელშემშლელად ასახელებს “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს ძალიან ნიშანდობლივია. იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გამოკითხვებში, იმის გათვალისწინებით, რომ არის დიდი ცდომილება სერიოზულად ლიდერობს,”-აცხადებს სააკაშვილი. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მშვიდობიანი ბრძოლით, ხალხი შეძლებს რეჟიმის დასრულებას. “ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ გვმართებს ახლა, როგორც არასდროს გაერთიანება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ, საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზად არის და რომელსაც აქვს უნდა ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს, ბევრად მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია უკან არ დახევა და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება. აქედან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები. ახალია, ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება. ოლიგარქების გაწევა ვინც არ უნდა იყოს ეს ოლიგარქი, ძველი ოლიგარქი ივანიშვილი, თუნდაც ახალი ორლიგარქი, რომელიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში და თავის გეგმებს ასახელებენ იგივე ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება. საქართველოს უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი უნდა იყოს ბატონ პატრონი და არა ვინმე ფულის ტომარა რომელიც თავის ჯიბეზე მოარგებს საქართველომ“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.