“გადავუდგებით წინ მშვიდობიანად, ლოცვით და არ მივცემთ უფლებას, რომ ისინი გადაადგილდნენ,” – “ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ივნისში დაგეგმილ ლგბტქ პრაიდს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი ლგბტქ მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. პრაიდთან დაკაცშირებით სანდრო ბრეგაძემ მედიაცენტრ “მთავარში” პრესკონფერენცია გამართა.
ბრეგაძე ამბობს, რომ მარშის ჩატარებას რისკებს შეიცავს, რადგან მის წინააღმდეგ 100 ათასი ადამიანი გამოვა.
“ცალსახად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ლგბტ მარში, აღლუმი არ ჩატარდება და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ლგბტ მარშის ჩატარებას. რამდენიმე დღე არის დარჩენილი ამ ავადსახსენებელი ლგბტ კვირეულის დაწყებამდე და ერთი რამე იცოდეს ყველამ, არცერთ შემთხვევაში არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ მამათმავლების და ლესბოსელების აღლუმი გაიმართოს საქართველოს დედაქალაქში. ამაზე ფიქრიც კი თავიდან უნდა ამოიგდონ იმ გარყვნილმა და მოღალატეობრივმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ უმცირესობების ხარჯზე თანხების მოძიებას და ამითი თავისი კეთილდღეობის მოწყობას. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითების ჯგუფი. ჩვენ მშვიდობიანად არ დავუშვებთ ამას, ყველანი გადავალთ სხვა მუშაობის რეჟიმზე განსაკუთრებით 23-ში. მოხდება სრული მობილიზება, გადავუდგებით წინ მშვიდობიანად, ლოცვით და არ მივცემთ უფლებას, რომ ისინი გადაადგილდნენ, ოღონდ ეს იქნება მშვიდობიანად, არანაირი ძალადობა აქ არ იქნება.
“ქართველი ერის და საქართვლოს მოსახლეობის განწყობა არის ცალსახა, რომ გარყვნილების აღლუმი ე.წ. ლგბტ გეიმარში არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება. სერიოზული რისკების წინაშე დგება ჩვენი ქვეყანა. შსს-მ რაც აუხსნა მათ, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური და რეალური. საშიშროება ბევრად უფრო მძიმეა და სურათი ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს დღეს წარმოჩენილია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ლგბტ „გეი მარშის“ გამართვის დღეს. ამ დროს ასი ათასი ადამიანის გაკონტროლება ვერ მოხდება და ეს ყველაფერი გადაიზრდება საერთო სახალხო მღელვარებაში და ეს მღელვარებები როგორც მთავრდება, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ეს ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ. არ გვინდა, რომ რაიმე ქაოსი და არეულობა მოყვეს ამ ყველაფერს, ამიტომ ვაცხადებთ რომ, თავი შეიკავონ ღონისძიებისგან, მოვუწოდებთ, როგორც შსსმ- მოუწოდა,“, –განაცხადა ბრეგაძემ.
ლგბტ პრაიდის კვირეული თბილისში 18-23 ივნისს ჩატარდება.