“გაძვირებული ტარიფი თუ პრობლემაა, მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ”- კალაძის რჩევა მოსახლეობას

დედაქალაქის მერი ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ტაქსის გაძვირება ნორმალურია. კახა კალაძე ფიქრობს, რომ მთავარი ამოცანაა ტაქსის სერვისი იყოს კომფორტული, ავტომობილი კი უსაფრთხო, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ტაქსების გაძვირებას.

“ორი წლის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პილიტიკა, ტაქსები ამ რეფორმაში არის ერთ-ერთი მიმართულება. ვინც სარგებლობს სერვისით, მისთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა, ახალი მანქანა, იყოს უსაფრთხო ავტომობილი, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია,”- განაცხადა დღეს კალაძემ.

იმ მოქალაქეებს, ვისთვისაც გაძვირებული ტარიფი პრობლემაა, თბილისის მერი ურჩევს მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ.

,,თუ არის რიგი შემთხვევები გადამეტებული ფასების, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დარეგულირდეს. ტაქს ჰყავს თავისი კლიენტი. მთავარი ამოცანა რა არის? ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ გაიზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნა. ვინც სარგებლობს სერვისით, მათთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა მანქანა, ახალი და უსაფრთხო, რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანი.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება. თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება იქნება შესაბამისად ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.