კირკიტაძეს ბრალი წაუყენეს – აქცია გურჯაანის სასამართლოსთან

{{ARTICLEIMAGE}}
ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს”, პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას ედავება. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ავრცელებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ კირკიტაძე მშრალ შიმშილობას იწყებს. 

გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გურჯაანში მართავს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია სასამართლოსთან შეიკრიბება და დავით კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვს.

“მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც სასამართლოში გაიმართება დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი. ყველა მხარდამჭერს შეუძლია, შემოგვიერთდეს გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ და იმის გამო, რომ არ ვიცით კონკრეტულად, პროცესი როდის იქნება, შევიკრიბეთ გურჯაანის სასამართლოსთან. ვითხოვთ ძალიან მარტივ რაღაცას – დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს იმიტომ, რომ ის არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში და ამის უფრო და უფრო მეტი დამადასტურებელი ფაქტი არის”, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი სტუმრებისა და უამრავი სტუმრის გამო პოლიციის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გადაკეტილიყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური დაზიანება”,-ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფარგლებში იგი 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.