გაერთიანებული ოპოზიცია სასამართლოს გზით რეგისტრაციიდან სალომე ზურაბიშვილის მოხსნას მოითხოვს

{{ARTICLEIMAGE}}

გაერთიანებული ოპოზიცია რეგისტრაციიდან არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოხსნას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ მათი სარჩელი ყველა ინსტანციას გაივლის და ოპოზიცია ეცდება, ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა. 

ოპოზიცია სარჩელით სასამართლოს მიმართავს. გიორგი ვაშაძის თქმით, ამას ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვაზეა საუბარი.

ამის მაგალითად გიორგი ვაშაძემ კარტოფილის, ხახვის, მეორადი ტანსაცმლის დარიგება მოიყვანა, ასევე ისაუბრა 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის დაპირებაც. ვაშაძის თქმით, შესაბამისი ვიდეომტკიცებულებები სასამართლოში იქნება წარდგენილი.

ცნობისათვის, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. თავის მხრივ, მმართველი გუნდი ამ მოთხოვნას არაადეკვატურს უწოდებს და თელავში დაგეგმილი ინაუგურაციისთვის ემზადება.