გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში არჩევნებზე 5 ათასი დამკვირვებლის მობილიზებას აპირებს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის, ხმების დასაცავად, უპრეცედენტო რაოდენობით დამკვირვებლების მობილიზებას გეგმავს.

ამის შესახებ სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებს  5 ათასამდე ადამიანი დააკვირდება.

„გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერის არჩევნებს არ უყურებს როგორც რიგითი ქალაქის ხელმძღვანელის არჩევნებს. ეს ჩვენთვის ბევრად მეტია, ვიდრე რიგითი არჩევნები. ჩვენი აზრით, ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს საქართველოს გამარჯვება. ზუგდიდმა უნდა აჩვენოს მთელ საქართველოს, რომ განსხვავებული, ოპოზიციური აზრის გამარჯვებით შესაძლებელია ქვეყანაში წინსვლის დაწყება”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ზუგდიდის მერობისთვის რიგგარეშე არჩევნებში 16 კანდიდატი იბრძოლებს. არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.