ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ისტერიას უწოდებს. განცხადებაში წერია რომ გაფრინდაშვილის ქმედება პროვოკაციულია, მსგავსი პროვოკაციები კი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.
,,მსგავსი პროვოკაციები ხდება ზუსტად წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. გაფრინდაშვილის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს პროვოკაციის სახესთან. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ქართული სპეცსამსახურები ეწევიან ჰუმანიტარული პროფესიების იდეური მოხალისეების მოძიებას და მსგავსი დანაშაულისთვის წახალისებას შემდგომი ჯილდოს მიზნით”- აცხადებს საოკუპაციო რეჟიმი. ისინი მოუწოდებენ საქართველს დასავლელ მეგობრებს, რომ სანამ განცხადებებს გააკეთებენ და ადამიანების უფლებების დაცვაზე ისაუბრებენ, საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას გაეცნონ.
საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ გაფრინდაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით “გაასამართლეს”. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა და მისგან ამ “დანაშაულის აღიარებას” ითხოვს.