ასეთი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს, ვაჟა გაფრინდაშვილის პრობლემა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გადაიჭრება,- ეს განცხადება რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ საუბრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ დააყენა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი. ჩვენ, თავისთავად, საქმის კურსში ვიყავით. გვქონდა კავშირი, კონტაქტი, როგორც ქართულ, ასევე, ოსურ მხარესთან სხვადასხვა დონეზე. იმედი გვაქვს, ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი მხრიდან გაჟღერდა აზრი იმის თაობაზე, რომ მუდმივად უნდა ვმოქმედებდეთ ჟენევის დისკუსიის ჩარჩოებში. სხვადასხვა მექანიზმების ფარგლებში, რომლებიც არსებობს. უნდა ვაიძულოთ, იმუშაონ ინსტრუმენტებმა, ცხელმა ხაზმა. საჭიროა სოხუმსა და ცხინვალში, თბილისში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების ვიზიტების უფრო მიზანმიმართულად გამოყენება. თუ ეს ინსტრუმენტები იმუშავებენ, ჩვენ გარანტია გვექნება, რომ ასეთი დრამატული შემთხვევები აღარ განმეორდება. ეს მექანიზმები სრულად არ მოქმედებენ და ამიტომ ვსაუბრობ. უნდა იურთიერთონ სხვადასხვა უწყებებმა, მაგალითად, მე და ზურაბი ვურთიერთობთ, ვმსჯელობთ, გვაქვს კონტაქტი, საგარეო საქმეთა სამინისტროები მუშაობენ ერთმანეთთან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ასეთი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს, ხოლო გაფრინდაშვილის პრობლემა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გადაიჭრება. ვფიქრობ, ის იქნება უახლოეს დღეებში სახლში, მაგრამ რადგანაც გაფრინდაშვილი იმყოფება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამაზე უნდა ჰკითხოთ მათ, ვინც იქ იღებს გადაწყვეტილებებს. თუმცა იმედი მაქვს, ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ და გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს. ამისთვის ვიყენებთ მთელ ჩვენს კონტაქტებს. მოდით, დაველოდოთ“ ,- განაცხადა გრიგორი კარასინმა.