„გაიფიცე გარემოსთვის“ -ახალგაზრდები ერთი დღით გაიფიცნენ

რუსთაველის მეტროსთან სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა აქცია-მსვლელობა გამართეს. აქციის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მწვანეები და საინიციატივო ჯგუფი “ვინმე”.

ახალგაზრდები ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას აპროტესტებდენ და რომ ქაოსური მშენებლობებს თბილისსა და ბათუმში. მათი  თქმით, ქვეყანაში მომავალი თაობა საფრთხის წინაშე დგას.

„დღეს ჩვენ უარი ვთქვით სასწავლებლებში მისვლაზე, რადგან უნივერსიტეტებისა და სკოლების კედლები ვერ დაგვიცავენ მომწამვლელი ჰაერისგან, ტყვიისაგან საკუთარ სისხლში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თუკი ამ ქალაქსა და ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, მთელი ძალით უნდა დავუპირისპირდეთ გაბატონებულ აზრს, თითქოს ბუნება აპოლიტიკურია. ჩვენ არ გვჯერა, რომ არაფერი შეგიძლიათ ე.წ. ბუნებრივი კატასტროფების თავიდან ასარიდებლად. არ გვჯერა, რადგან არაფერია ბუნებრივი იმაში, რომ აშენებთ გიგანტურ ჰესებს, აბეტონებთ მწვანე ზოლებს, ჩეხავთ ხეებს, ცვლით ლანდშაფტს”-განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

აქციის მონაწილეებმა კონკრეტული მოთხოვნებიც წამოაყენეს. მათ შორის თბილისში ტრამვაის გაყვანა, ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლება, მთაწმინდის ფერდობზე მშენებლობების შეწყვეტა, ცენტრალური პარკის მოწყობა და ჰესების მშენებლობის აღკვეთა.

“ამის გარეშე, ჩვენი მომავალი ბუნდოვანია. კლიმატის ცვლილება ხდება აქ და ახლა. კლიმატის ცვლილება და განადგურებული გარემო – ჩვენი რეალობა და ჩვენი ცხოვრების ნაწილია! თუმცა, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს – ჩვენ, ახალგაზრდები, ვერთიანდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გლობალური კლიმატის მოძრაობას. “-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.