გახარია ადასტურებს, რომ მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვას აპირებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვა იგეგმება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შენობის გაყიდვის საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს.

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე დაკონსერვებულია.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.