გახარია ხაზარაძეს ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას სთხოვდა. ტვ პირველის დამფუძნებლის პასუხი

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძემ მათ გადასცა და რომელიც თიბისის დამფუძნებლის თქმით მას გახარიამ გაუგზავნა, საუბარია ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკაზე.

შს მინისტრის ერთ–ერთი მოთხოვნა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ტელეიმედის “ტრენდზე“ გადასვლაა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილს პასუხობს ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, რომელსაც როგორც ჩანს წერილის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარება:

“გამოქვეყნებული წერილის შინაარსი “ტვ პირველის” მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება, მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავილი “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით… “ტვ პირველის” 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა, ვუთხრა, რომ ტვ პირველი მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და “ტრენდს”, რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. პატივისცემით, ვ.წ.“ – წერს ფეისბუქში ვატო წერეთელი.