შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას რუსთავი2–ის დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქ სტატუსს უძღვნის.
“ბავშვები თამაშობდნენ ეზოს სტადიონზე 12-13 წლისები, ერთმანეთს “გახარიათი” ლანძღავდნენ.
ასეა, გახარია დიდი ხანია გადააყენა ერმა. ის უკვე ფოლკლორის გმირია – ბოროტი, საძაგელი და სისხლიანი. სხვადასხვა საძულველ სახელებს არქმევენ: თვალთხარია, არგახარია… მალე ბავშვებსაც შეაშინებენ ძილის წინ, აქამდეც მივალთ.
ასეთი რამ არასდროს არ დამართნია არც ერთ ადამიანს (არა მხოლოდ პოლიტიკოსს, ზოგადად არავის) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამაზე მძიმე განაჩენი არავისთვის არ გამოუტანიათ ქართველებს.
“როცა ბავშვებს ხვდება ტყვია,გახარიას უხარია”, – ესაა ამ განაჩენის შინაარსი, ლექსად დაწერილი და კარგ და სუპერთანამედროვე მუსიკაზე დადებული. ამ განაჩენს უკვე ხალხი ღიღინებს ქუჩაში, სახლში, ოფისში, აბაზანაში. ეს უკვე ფოლკლორს გაცდენაა და იმას ნიშნავს, რომ ხელოვნებამ (და ვეჭვობ, მალე მწერლობაც) აიტაცა და ბოროტების პარადიგმას ძერწავს ამ პერსონაჟისგან.
ეს საჯარო სიკვდილია და აწი გინდ გადადგეს და გინდ გადმოდგეს, ვეღარ გაცოცხლდება და უკვე მითოლოგიური მასშტაბის სიძულვილს ვერ ჩამოირეცხავს. ის ყოველთვის გამოიწვევს ძალადობის და სისხლის ალუზიებს, მისი სიმბოლო ყოველთვის იქნება ამოთხრილი თვალი – საზარელი ძალადობის ხატად უკვე ფოლკლორშიც და თანამედროვე ხელოვნებაშიც დალექილი.
ეს ამბავი უკვე დასრულებული და შემდგარია. არაფერი აღარ შეცვლის. ფოლკლორიდან ვერაფერს ვერ ამოშლი, თეორიულად შეუძლებელია. არც ხელნაწერები (ხელოვნება, მწერლობა) იწვის, როგორც ცნობილია. ფოლკლორული ანტიგმირები და ბოროტი პერსონაჟები/პარადიგმები ძალიან ღრმად იბეჭდებიან ერის მეხსიერებაში.
მოკლედ, გახარიას ისტორია დამთავრდა.“ – წერს გვარამია