რესპუბლიკური პარტიის წევრი, ლევან ბერძენიშვილი საპროტესტო აქციების 41–ე დღეს პარლამენტის წინ ახალ საპროტესტო ფორმატში მონაწილეობდა, რომელსაც უკვე ერთი კვირაა გადაცემის სახე აქვს. პროტესტის 41–ე დღე აქციების ორგანიზატორებმა სიმბოლურად ასე დაასათაურეს: “ქართული ოცნების 41 სირცხვილი“.
პირველი კითხვა ტრადიციული იყო: რატომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია:
“გიორგი გახარია უნდა გადადგეს იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 20–21 ივნისის ღამეს ჩაიდინა. თუკი მას აქვს შერჩენილი რაიმე ღირსება – მართალი გითხრათ არ ვიცი ეს სიტყვა– შერჩენილი– სწორია თუ არა, იმიტომ რომ რაღაც რომ შეგრჩეს, რაღაც მომენტში უნდა გქონდეს, თუკი ოდესმე ქონდა ღირსება, მას შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას. თუკი ასეთი რამ არ ქონია, შეუძლია ეს შეიძინოს სწორედ ამ ნაბიჯით. იგი ვალშია ქართველი ახალგაზრდების წინაშე. მან საქართველოს მომავალს ტყვიები ესროლა. მისი ბედი სრულიად ნათელია. ასეთი ადამიანის ადგილი არათუ მთავრობაში, საერთოდ ქვეყანაშიც არ არის. ამიტომ მე მის ადგილას ამ ქვეყნიდანაც შევეცდებოდი გაქცევას, თუმცა მას ყოველთვის იპოვნიან და ის თავის ადგილს იპოვის დარწმუნებული ვარ, რომ ის დაამთავრებს იქ, სადაც ახლა ზოგიერთი მისი წინამორბედი იმყოფება. “– ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
რაც შეეხება ქართული ოცენების შეცდომებს, ლევან ბერძენიშვილის თქმით მთავარი შეცდომა ერთპარტიული მმართველობის დამყარებაა:
“ქართული ოცნების ყველაზე მძიმე შეცდომაა რომ მან დააპირა იყოს ერთადერთი პარტია.ანუ მან იბრძოლა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო საქართველოში არანაირი პლურალიზმი.
პირველი და ძირითადი შეცდომა მათი არის მისწრაფება ერთპარტიულობისკენ, რამაც გამოიწვია ყველა დანარჩენი დანაშაული, იმიტომ რომ როდესაც გაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა და გყავს არაკვალიფიციური ხალხი, აუცილებლად დაუშვებ შეცდომებს და შემდეგ ჩაიდენ დანაშაულს. ასე რომ მე ვთვლი, რომ მათი პირველი შეცდომა, დანაშაული იყო დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
2012 –14 წლები ჩვენთვის იყო ნაყოფიერი წლები კოალიციური თანამშრომლობისა .საქმემ გაფუჭება დაიწყო ძირითადად 2014 წლის შემდეგ.
გარდამტეხი მომენტი იყო , როცა დაინახა რომ ჩვენთან ხშირად კამათი უწევდა ყველაფერზე და გადაწყვიტა ერთპარტიული სისტემა აეშენებინა. რამაც გამოიწვია ასე ვთქვათ ჩვენი ნელნელა გაწევა და ჩვენი ჩამოშორება. დაიწყო ტრაქტორების საქმე ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, დაიწყო ბრძოლა რესპუბლიკელების წინააღმდეგ, დაიწყო საერთოდ მრავალხმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა. გამოჩნდნენ მონები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მარტო ისაა სწორი რასაც ბიძინა იტყვის. და საერთოდ მობეზრდა მას ჩვენთან კამათი, იმიტომ რომ პოლიტსაბჭოზე იყო ხოლმე ისეთი კამათი, ბიძინა რომ არ არის მიჩვეული.და ბიძინა ივანიშვილს ასეთი ჩვეულება აქვს, კედელთან თუ მიაყენებ, მაშინ გეტყვის: ხომ ხედავ, არგუმენტები არ გყოფნის. ასეთ კაცთან ძალიან ძნელია კამათი, მაგრამ ჩვენ ვკამათობდით.
განსაკუთრებით მინდა გითხრათ, რომ ჩემი ძმა, დათო ბერძენიშვილი სისხლს უშრობდა და მაშინ მოიფიქრა, რომ არ არის საჭირო მრავალპარტიულობა.“– ამბობს ლევან ბერძენიშვილი.