გახარიას კიდევ ერთი ბოდიში. რას ფიქრობს შს მინისტრი პარლამენტის წინ დადგმულ მის ბიუსტზე

დღეს  შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი ბოდიში მოიხადა, ოღონდ ამჯერად იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც კლუბური ნარკოტიკების გამო ტრაგედია გამოიარა. გახარიას ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რას ფიქრობს პარლამენტის წინ დადგმულ მის ბიუსტზე, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის. სამოქალაქო აქტივისტების აქცია–პერფორმანსს მინისტრი გამოხატვის თავისუფლებად თვლის:
„როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც რუსთაველზე დგას. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. მეორე – ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, მწვავე, კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ, როგორც ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ხშირად ჩვენი გუნდის წევრებისგანაც. აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. შინაარსობრივად რაც საკითხს შეეხება.
12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების გვქონდა 2 შემთხვევა. ამის შემდგომ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი მსგავსი ეს პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაურესდება ვერავინ ვერასოდეს შსს-ს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნებ არც ერთი დახურული ზონა. კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს ვინც ეს ტრაგედია გამოიარეს,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.