აქცია “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას ეხმაურება.
“გიორგი გახარიას დაწინაურება ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცდილობს დაგვაჯეროს საკუთარი ბოტებისა და ტროლების მიერ სიმულირებული რეალობა, თითქოს გახარიას მხარდაჭერა აქვს.
ეს ვიცით, მაგრამ ამ საუბრებით გართულებს მხედველობიდან გამოგვრჩა, რომ უკვე დავიჯერეთ სხვა სიმულაცია – გახარიას ეფექტურობა. და მერე როგორ დავიჯერეთ! კითხვაც აღარ ისმის ამ მიმართულებით! “გახარია ეფექტური მინისტრია” არგუმენტადაც კი მოჰყავთ!
არა და გიორგი გახარიას შსს მინისტრობაც სიმულირებული რეალობით დაიწყო. ფლანგვის დეტექტორმა გაავრცელა მაშინ ცნობა, რომ დანიშვნის პირველივე სამ თვეში შსს-მ ფეისბუკს მეტი გადაუხადა, ვიდრე 2016 და 2017 წლებში (2 წელიწადში!) ერთად აღებული.
რას არეკლამებდა ამ დროს ფეისბუკზე გახარიას უწყება? კარგად შესრულებულ საქმეს? შევამოწმოთ! ზუსტად ამ სამ თვეში დარეგისტრირდა 14.3 ათასზე მეტი დანაშაული, გაიხსნა მხოლოდ 3.9 ათასამდე.
ვინაიდან მისმა წინამორბედმა მინისტრმა მღებრიშვილმა წინა წლის სტატისტიკა დემონსტრაციულად დამალა, შსს-მ კი პასუხი არ გაგვცა, წინა წლის იმავე სამი თვის სტატისტიკას ეს რიცხვები ვერ შედარდა, ამიტომ 2016 წელს შეადარეს.
აღმოჩნდა, გამალებული რეკლამირების პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 30%-ით, ხოლო გახსნილი საქმეების რაოდენობა შემცირდა 13%-ით.
ამ დღეებში მედიებმა ბევრი ილაპარაკეს ჩატაევზე, პანკისზე, იზორიაზე, სამეგრელოს არჩევნებზე, ჭუბერსა და ხაიშზე, ხაზარაძის ბრალდებაზე, ხორავას ქუჩის მკვლელობებზე, მაჩალიკაშვილზე – მოკლედ, გახმაურებულ საქმეებზე, რომელიც გახარიამ ვერ ან არ გამოიძია, მაგრამ არსებობს ათასობით საქმე, რომელსაც ნაცნობი სახელი არ აქვს და გახარიას მათ გამოძიებაში მღებრიშვილიც კი სჯობდა – შსს მინისტრი, რომელსაც ისე შერცხვა საკუთარი უნიათობის, რომ საკუთარი სტატისტიკა დამალა.
მიუხედავად ამისა, მთელი მინისტრობის პერიოდში სახელმწიფო მისგან “ეფექტურ მინისტრს” ხატავდა. დანიშვნიდან სამ თვეში მეტის დახარჯვა ფბ-რეკლამაში, ვიდრე გასული ორი წლის განმავლობაში ყველაფერს ამბობს.
ტოლკინის “ბეჭდების მბრძანებელის” პირველი ეკრანიზაციიდან დამამახსოვრდა მთხრობელის ციტატა: “აწმყო იქცევა წარსულად, წარსული ისტორიად, ისტორია მითად”. იგივენაირად შეგვიძლია ვთქვათ: სიმულაცია იქცევა ამბად, ამბავი არგუმენტად, არგუმენტი – გაპრავებად. ნუ შევჭამთ ამ მითებს.
არა, გახარია არ არსი ეფექტიანი მინისტრი. არც ყოფილა და არც იქნება. გახარია ყოველთვის ცუდად ასრულებდა საქმეს, რომელშიც ხალხი მას ხელფასს ვუხდიდით, მაგრამ ყოველთვის გადამეტებული ენთუზიაზმით ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის მითითებებს. მისი დაწინაურების მიზეზიც ეს არის და არა რამე სხვა. და ეს საკადრო გადაწყვეტილება მშვენივრად ცხადყოფს ბიძინა ივანიშვილის უკვე დაუმალავ შიშს.”-წერს შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.