რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში – რუსეთის სამხედრო ბაზაზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მორიგი მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. 29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში რუსულ სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარადაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი მას შემდეგ დადგინდება, რაც ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი კი
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან მას ნათესავები და ახლობლები, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან დაბაშიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ.
თვითმხილველები ამბობენ, რომ კვარაცხელია ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს, რა დროსაც შელაპარაკება მოხდა. ქართველი ახალგაზრდა რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, ამის შემდეგ კი მისი საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. იყო თუ არა ირაკლი კვარაცხელია ნაცემი, ამაზე საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაცია არ აქვს.