გალში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.“ –ნათქვამია სუსის განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით მნიშვნელოვანია დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები, რასაც კვარაცხელიას სიკვდილი მოჰყვა. 

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია, დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები, რასაც კვარაცხელიას სიკვდილი მოჰყვა.

მინისტრის ინფორმაციით საქართველოში იმყოფებიან  ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც 13 მარტს სოხუმში მიემგზავრებიან, სადაც კვარაცხელიას საკითხი განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.  შესაბამისი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ იგეგმება გამოძიების დაწყებაც.