გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკში დაკრძალეს

ოკუპირებულ გალის რაიონში რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ირაკლი კვარაცხელიას პარაკლისი სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში  გადაუხადეს. დაკრძალვაზე ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ, თუმცა ხელისუფლების პირველი პირები სენაკში არ ჩასულან.

29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. ის ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.