თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის საქმეზე გამოძიება პირველივე დღეს დასრულდა, რადგან მას დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს.
მისი თქმით, 3 საათის განმავლობაში სპეცრაზმელები და სუს-ის თანამშრომლები ცდილობდნენ, შემოტანილ ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები გადაეტანათ, მაგრამ ვერ მოახერხეს და მისი დნმ-ის ანალიზი გადაიტანეს.
,,3 საათის განმავლობაში მე და ჩემი ოჯახი ვიყავით ტყვედ აყვანილი იარაღის ქვეშ, ამ დროს სპეცრაზმელები და სუსი-ის თანამშრომელები ცდილობდნენ ოფლით , ტანსაცმლით თითის ანაბეჭდები გადაეტანათ შემოტანილ ხელყუმბარაზე, მაგრამ ვერ მოახერხეს და გადაიტანეს ოფლისა და დნმ-ის ანალიზი”,- ამბობს მაჩალიკაშვილი.
ის აღნიშნავს, რომ ხალხის იმედი აქვს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
,,ამ ორი წლის განმავლობაში იმდენი ტროლი და ბოტი გამოიყენეს ამ საქმის წინააღმდეგ, რომ იმათაც კი შერცხვათ, რომ ამ საქმეზე ესაუბრათ… მე ვრჩები ქართველი ხალხის იმედად. სტრასბურგი არ იტყვის, რომ ეს და ეს დავსაჯოთ. ამ ბრძოლას მე ბოლომდე მივიყვან… გამოძიება დასრულებულია პირველივე დღიდან, როცა მე დაზარალებული სტატუსი არ მომანიჭეს, როცა არ მქონდა საქმეში ჩახედვის უფლება”,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. უწყების განმარტებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა.