“გამოძიებას მივუთითე კონკრეტული გვარები, ვისთანაც კონფლიქტი მაქვს” – ზვიად კუპრავას გამოკითხვა დასრულდა

გამოძიებას მივუთითე კონკრეტული გვარები, ვისთანაც კონფლიქტი მაქვს: ფარცხალაძე, შოთაძე, გახარია და ივანიშვილი, – ამის შესახებ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებიდან გამოსული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა აცხადებს.

„გამოძიებას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდე თავდასხმასთან დაკავშირებით. მათ შორის, ინფორმაცია მივაწოდე კამერებთან დაკავშირებით. გამოძიება დაინტერესებული იყო, მაქვს თუ არა პირადი სახის კონფლიქტი კონკრეტულ ადამიანებთან, რაზეც საგამოძიებო ორგანოს მივუთითე კონკრეტული გვარები: ფარცხალაძე, შოთაძე, გახარია და ივანიშვილია. ამ ადამიანებთან მაქვს განსაუთრებული კონფლიქტი. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით გაამახვილებს ყურადღებას, – განაცხადა კუპრავამ.

მისივე თქმით, აქვს სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის დროს თვალებში შესხმული სითხით ორივე თვალის დამწვრობა აღენიშნება.

კუპრავა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვოლსკი არის ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ჰყავს „ზონდერბრიგადა“. უშუალოდ ვოლსკის დაქვემდებარებაშია ჩუღურეთში მცხოვრები „ზონდერბრიგადები“, სუს-ის აგენტები, პოლიციის ნასედკები. ეს არის ვოლსკის „კამანდა, – განაცხადა კუპრავამ.

ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ „ზვიად კუპრავა გამოუსადეგარია, რადგან მიტინგი აღარ არის, დღის წესრიგში სარალიძის საკითხი აღარ დგას, „კა“ და კუპრავა აღარავის აღარ ახსოვს. იფიქრეს, მოდით გავლახოთ და „ქართულ ოცნებას“ დავაბრალოთო“.

შეგახსენებთ, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს გუსინ ღამით საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.