არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ზვიად კუპრავასთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი სასამართლოს დღევანდელ განაჩენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით საშიშ პრეცენდენტად მიიჩნევენ.
“მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება და სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ხელშეშლა უდავოდ წარმოადგენს დაცვის ღირს ინტერესს, რომლის გამოც შესაძლოა არსებობდეს გარკვეული პასუხისმგებლობის ზომა, თუმცა საგანგაშოდ მივიჩნევთ ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების მაშინ, როდესაც პირი განცხადებას აკეთებს სასამართლო დარბაზის გარეთ და იგი არ უშლის ხელს არც მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებას და არც სასამართლოს დამოუკიდებლობასა თუ მიუკერძოებლობას.
ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ იმის გამო რომ თავად განცხადება შეიცავდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, რომელიც ერთი მხრივ იცავს შეურაცხმყოფელ გამოხატვას, მეორე მხრივ კი აკისრებს თმენის ვალდებულებას მოსამართლეებს მათ მიმართ გამოთქმული (მათ შორის შეურაცხმყოფელი) განცხადებების მიმართ.
ხაზგასასმელია ასევე ის გარემოება, რომ ზვიად კუპრავა ოპოზიციურად განწყობილი პირია, რომელიც აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ აქციებში ზაზა სარალიძესთან ერთად. ეს კი მის მიმართ სამართლის შერჩევითად გამოყენებაზე შეიძლება მიუთითებდეს”, – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); მედიის განვითარების ფონდი (MDF).
ზვიად კუპრავას დღეს სასამართლომ 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. კუპრავა სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.