დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებს მოუწოდებს, აუცილებლად დარჩნენ თვითიზოლაციაში.
,,თუ მივდივართ მაღალი რისკის ქვეყნებში, ესენი არის: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია და დავამატებდი იაპონიას, აუცილებელია ჩამოსვლის შემდეგ მოვახდინოთ თვითიზოლაცია. სიმპტომები გექნებათ თუ არ გექნებათ, არ აქვს მნიშვნელობა. გავითავისოთ ეს დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სულ ყველამ, ვინც ბრუნდებით იტალიიდან. გავიჭირვოთ და 14 დღე ვიყოთ თვითიზოლირებული”, – ამბობს გამყრელიძე.
მისი თქმით, ვისაც საზღვარზე სიმპტომები დაუფიქსირდებათ, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ტრანსპორტირებული ინფექციურ საავადმყოფოში.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. 5 ახალი ინფიცირებული ერთი ჯგუფის წევრია, ისინი იტალიაში ერთად იყვნენ სამოგზაუროდ და საქართველოში კვირას დაბრუნდნენ.