განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესი და საფასური შეიცვალა

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

ბრძანებით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის – 40 ლარი, 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი განისაზღვრა. ერთი სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევა ხორციელდება ცალკეულ საგანმანათლებლო დოკუმენტებთან დაკავშრებით, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ამასთან, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გადაწყვეტილების მოსამზადებლად, პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მომსახურებისათვის გადასახდელ საფასურს დაემატა 25 ლარი.

„ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი/პროფესიული განათლების გათანაბრების საკითხი შესაბამისი განათლების საფეხურთან”,- აღნიშნულია დოკუმენტში.