განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების მისაღებად სარეკლამო შეთავაზებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელებში გახშირდა სარეკლამო განცხადებები, სადაც აბიტურიენტებს სთავაზობენ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე.
მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აბიტურიენტებს მოუწოდებს არ მოტყუვდნენ, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ სასწავლებლებს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ გავლილი ავტორიზაცია, რაც კანონით სავალდებულოა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.
აბიტურიენტების ინტერესების დაცვის მიზნით, აღნიშნული საკითხი მიხეილ ბატიაშვილის 2018 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით დარეგულირდა“, – მიმართავს ირინა აბულაძე აბიტურიენტებს.