განათლების მინისტრის პირველი მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ სკოლის გამოსაშვები გამოცდების შესახებ კომენტარი გააკეთა.
ზედგინიძის განცხადებით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა, განმეორებით, დაჩქარებული წესით ისევ მოხდება.
“პარლამენტის დადგენილი რეგლამენტით, შესაძლებელია და უახლოეს მომავალში აღნიშნული კანონის პროექტს გუნდი დააყენებს კენჭისყრაზე მესამე მოსმენით. რაც შეეხება თავად კანონის პროექტს, ეს გახლავთ, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან სკოლებში გამოსაშვები გამოცდების, ე.წ კატის გამოცდების გაუქმებას. ამიტომ უახლოეს მომავალში მოხდება დადგენილი რეგლამენტითა და წესების სრული დაცვით, განმეორებით მესამე კენჭისყრა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა,დღეს მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.
კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.
შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის.