საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, ახალციხისა და გურიის სკოლებში ზეიმზე მოსწავლეების პიონერის ფორმაში გამოწყობის ფაქტი შესწავლას საჭიროებს.მისი თქმით, თუ ფაქტი დადასტურდება შესაძლებელია საკადრო ცვლილებები გატარდეს.
„თუკი მსგავსი აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი ფიქსირდება რომელიმე სკოლაში, უნდა იყოს შესაბამისი შესწავლით დადასტურებული აღნიშნული ფაქტი და თუკი დადასტურდა, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოსწავლეები თეთრ პერანგსა და წითელ ყელსახვევებში სიმღერას „აყვავებული გურია“ ასრულებენ. როგორც ცნობილია, ვიდეო ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაში ზეიმზე გადაიღეს. მანამდე ასევე გავრცელდა ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში გადაღებული ფოტოები, სადაც მოსწავლეები საბჭოთა სიმბოლიკით ჩანან.