განტროლვა: როგორ იქცა პოპულარული თურქი მსახიობი ქართველ ტროლად თარხან-მოურავის დასაცავად

“მითების დეტექტორმა” Nata Shamugia-ს სახელით facebook-ში რეგისტრირებული ყალბი ანგარიში გამოავლინა, რომელიც თურქი მსახიობის ფოტოს იპარავს და ამავდროულად, ანტი-თურქული განწყობების მქონე პატრიოტთა ალიანსის ლიდერს დავით თარხან-მოურავს სოციალურ ქსელში კრიტიკისგან იცავს.

ტროლი “მითების დეტექტორის” 21 თებერვლის პუბლიკაციის “რა მესიჯებს იღებს “პატრიოტი” თარხან-მოურავი რუსული სატირული panorama.pub-იდან?” facebook პოსტის კომენტარებში გამოჩნდა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ თარხან-მოურავის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის პირველწყარო, თითქოს ბელგიის პარლამენტი ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდას სისხლის სამართლის წესით დასჯადს ხდიდა, რუსულენოვანი სატირული გამოცემა panorama.pub-ი იყო, რომელიც მხოლოდ გამოგონილ ამბებს ავრცელებდა. 

Nata Shamugia-ს პროფილის ფოტოზე სინამდვილეში თურქი მსახიობის ილაიდა ჩევიქის ფოტოა, რომელიც თურქულ სერიალში “შავი ვარდი” მონაწილეობს. სერიალი 2015 წელს საქართველოშიც პოპულარული იყო.


Nata Shamugia-ს თაიმლაინზე მხოლოდ ერთი აქტივობა – 2019 წლის 26 ნოემბერს გარეკანის ფოტოს შეცვლა იძებნება, რაც დიდი ალბათობით პროფილის შექმნის თარიღიცაა.