“განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დესტრუქციულ პოლიტიკოსებს“–კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

თბილისის მერმა ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებზე საუბრობს:
„დესტრუქციულმა ძალებმა და დესტრუქციულმა კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა იმოქმედეს ძალიან ცუდად. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ვიდეოები და საზოგადოებამ ნახა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომელებიც აქციაზე მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდნენ შტურმით აეღოთ პარლამენტი. ეს იყო ძალიან მძიმე. ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან, ასე არ დარჩება დაუსჯელი – დაუშველებელია. შედეგი რაც მივიღეთ იყო ძალიან მძიმე, დაშავდნენ ადამიანები, მინდა ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რაც კი შესაძლებელია და მეც მზად ვარ, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო მათ გამოჯანმრთელების პროცესში.
რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, გუშინ იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც იყვნენ ახალგაზრდები პოლიტიკოსების გარეშე და არც ერთი პოლიტიკური ფიგურა არ მიუშვეს. ეს ადამიანები რეალურად გამოხატავდნენ, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და გამოხატავდნენ თავის გულწრფელ ემოციებს. მე გუშინ როდესაც ვუსმენდი ახალგაზრდებს, გულანთებულ, ქვეყნის სიყვარულით გაჯერებულებს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ყველას გვაწუხებს.“– ამბობს კალაძე.