“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აგვისტოს ომის 11 წლისთავს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ვოლსკის 9 პუნქტიან დასკვნაში ის ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას და მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.
“ამ შედეგებზე პასუხისმგებელი პირები დღესაც ცდილობენ პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შენარჩუნებას და “ანტისაოკუპაციო” ლოზუნგებსაც გაიძახიან. რაც ყველაზე სამწუხაროა, იმ ადამიანების აყოლიებასაც ახერხებენ, ვისაც არ ახსოვს ეს მოვლენები:
1. სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა;
2. წაგებისათვის გასწირა ჩვენი ქვეყანა და მეომრები, სასიკვდილო სამიზნედ გამოფინა გორის მოედანზე ჩვენი შვილები;
3. ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები;
4. განზრახ გასწირა, საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა;
5. რვა აგვისტოს ჩათვლით არ აღიარებდა რუსეთის მონაწილეობას აგრესიაში, არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო ვითარების შესახებ;
6. რუსეთისვე დაკვეთით დაბომბა წინასწარ მონიშნული, დაცლილი არეალი, თავადვე გადაიღო ეს “ოპერაცია” და კადრები გაავრცელა მსოფლიო მასშტაბით;
7. აგრესორს შეუქმნა შემოჭრისათვის თავის მართლების საფუძველი;
8. “მტრისათვის ნიღაბის ჩამოხსნის” აღსანიშნავი ზეიმი მოაწყო რუსთაველზე;
9. იმავე წელს, თავადვე დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი ომი განაპირობა დაბომბვამ, ხოლო რუსეთმა საპასუხო ქმედება განახორციელა,”- წერს ვოლსკი.