განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 მაისს, ჩხოროწყუს რაიონში, 2000 წელს დაბადებული ვ.გ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა მ.შ. დანაშაულის ჩადენიდან უმოკლეს დროში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.