“გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის ! “–ვატო წერეთელი. ტვ პირველს ინკასო დაადეს

ტელეკომპანია პირველის ანგარიშებს ინკასო დაედო. ამის შესახებ არხის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ფეისბუქზე წერს:

“არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს !
მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის !
მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს !
მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას !
მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი !
მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია !
ტელეკომპანია ,,პირველს” ისევ ინკასო დაადეს !
გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის !
ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია !
გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ !!!“– წერს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ ინკასო ტელეკომპანია პირველისა და ტელეკომპანია კავკასიის ანგარიშებს გასული წლის დეკემბრის ბოლოსაც დაედო. მაშინ ტელეკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ დაუშვებელია ინკასო დაადო დამუკიდებელი ტელეკომპანიების ანგარიშებს მცირე დავალიანების გამო, როცა სამ სამთავრობო ტელეარხს: იმედს, რუსთავს და მაესტროს 55 მილიონი ლარის საბიუჯეტო დავალიანება აქვთ. ტელეკომპანიები ყველა მაუწყებლის თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას მოითხოვდნენ.  თუმცა, ფინანსთა სამინისტრომ ამ არხებს პოზიცია არ გაითვალისწინა. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავი2–ს 28 მილიონი, იმედს 19 მილიონი, მაესტროს კი 8 მილიონი საბიუჯეტო დავალიანება აქვთ, გასული წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. ფინანსთა მინისტრი ამბობდა, რომ მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება დავალიანების გრაფიკის შედგენის შესახებ, რომელიც იმგვარად უნდა შედგეს, რომ არხების მუშაობა არ შეფერხდეს. ამ დრომდე ამ არხებთან საბიუჯეტო დავალიანების ამოღების შესახებ შეთანხმების თაობაზე არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ მათ ვალის ხუთწლიან რესტრუქტურიზაციას უკეთებენ.