გარდაიცვალა ყოფილი პატიმარი, რომელმაც ლადო ბედუკაძე ცემა

ყოფილი პატიმარი, თენგიზ ნაზღაიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლადო ბედუკაძე ცემა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაზღაიძე მართავდა სატვირთო მანქანას შეეჯახა. გარდაიცვალა ამავე მანქანაში მჯდომი თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი.
ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი. ერთ-ერთი შორენა ნაზღაიძის დეიდაა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოიყვანეს 2 პაციენტი. ქალბატონი დიაგნოზით პოლიტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე.შუახნის მამაკაცი შემოყვანილია გულ-მკერდის დახურული ტრავმით, ფილტვების დაჟეჟილობით, ხერხემლის დახურული ტრავმით, წელის მეოთხე მალის მოტეხილობით. უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა”, – აცხადებენ ჰოსპიტალში.
გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედარი გუშინვე ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ რომ 35 წლის თენგიზ ნაზღაიზე ორი კვირის წინ ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძე ქაშუეთთან თავს დაესხა.როგორც გაირკვა, ნაზღაიძე სასჯელს დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იმ ციხეში იხდიდა, სადაც ლადო ბედუკაძე ზედამხედველად მუშაობდა. ნაზღაიძის დედა კურიერთან ინტერვიუში ლადო ბედუკაძეს ციხეში მისი შვილის წამებაში ადანაშაულებდა.