“გარეთ ვიქნები თუ ციხეში,ივანიშვილს შვება მაინც არ ეღირსება“–ნიკა მელია ხვალ შესაძლოა დაიჭირონ

სასამართლო სხდომის წინა დღეს, რომელზეც ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილის განაჩენი უნდა გამოცხადდეს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ფეისბუქზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

“მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თანადგომას მიცხადებს. ყველა ამ ადამიანს, მე თანამებრძოლად აღვიქვამ, მე მხოლოდ რიგითი მებრძოლი ვარ ამ ბრძოლაში და ტყუილად ჰგონია ივანიშვილს, რომ ჩემი დაჭერით სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ამ ბრძოლას.

მწარედ ცდება. მიუხედავად იმისა მე დამიჭერს, თუ არ დამიჭერს, ბრძოლა გაგრძელდება. დიახ, თუ დამიჭერს, ან სახლში გამომკეტავს, ბრძოლა უჩემოდაც გაგრძელდება და მეც ბევრად თავისუფალი ვიქნები ციხის საკანში, ვიდრე თავადაა – შუშის საკანში.

ოლიგარქმა დაინახა რომ სამაჯურის დადებით ხელი კი შემიშალა პოლიტიკურ აქტივობაში, მაგრამ მაინც ვერ გამანეიტრალა, ვერც თვითონ დაისვენა ჩემგან და ვერც თავისი მორჩილები დაასვენა ჩემგან – დავდივარ პარლამენტში, გამოვდივარ ტელევიზიით, ვაქტიურობ სოციალურ ქსელში. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ჩემი კიდევ უფრო შეზღუდვა – ციხეში ან სახლში გამოკეტვის გზით.

ივანიშვილი იმასაც მიხვდა რომ ამისთვის გავრილოვის საქმე არ გამოადგებოდა – გავრილოვის საქმე დროში გაეწელებოდა მარტივი მიზეზის გამო – ასობით მოწმეა დასაკითხი და სასწრაფოდ დააჩქარებინა საქმე, რომელიც წლებია იწელება.

მოკლედ, ხვალ, მურისიძის ხელით, ან ციხეში გამიშვებს, ან სხვა არასაპატიმრო სასჯელს გამოიყენებს. ორივე შემთხვევაში, საპატიმრო სასჯელი იქნება თუ არასაპატიმრო, პარლამენტმა უახლოეს სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. ერთ შემთხვევაში, არასაპატიმრო სასჯელის შემთხვევაში მე პარლამენტის დარბაზში ვიქნები და “ოცნებაში” დარჩენილმა დეპუტატებმა კვლავ ჩემი დარბაზში ყოფნის პირობებში უნდა მიაჭირონ ხელი პარლამენტიდან გამოგდების ღილაკს, მეორე შემთხვევაში – ციხეში და ჩემი დარბაზში არყოფნის პირობებში მიაჭერენ ხელს ღილაკს.

როგორც უკვე ვთქვი, მე გარეთ ვიქნები თუ ციხეში, ივანიშვილს შვება მაინც არ ეღირსება და ტყუილად აქვს იმის იმედი, რომ ჩემი დაჭერით რაიმეს დაიჭერს.

მას ჰქონდა შანსი დაეძლია ის კრიზისი, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა 20 ივნისს, მაგრამ მან დაძლევის ნაცვლად გააღრმავა ეს კრიზისი, ჯერ გავრილოვის ღამის მდაბიო გახარია ააღზევა, ახლა კი, ის დანაპირებიც უკან წაიღო, რომელიც იმ მძიმე დღეებში მისცა ქვეყანას.

ასე რომ ტყუილად ჰგონია მას რომ პროტესტს შეაჩერებს, ან შეანელებს.

ყველას, ყველა ჩემს თანამებრძოლს მინდა მოვუწოდო ჭკვიანური ბრძოლისკენ. ჩემი დაჭერით არაფერი არ იცვლება. მთავარი ერთიანობაა, ერთად დგომაა და არა ის, სად იდგება შენი თანამებრძოლი – გარეთ, შენთან ერთად, თუ საკანში“– წერს ნიკა მელია.

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალი 2012 წელს წაუყენეს.

მათთან ერთად ბრალდებული იყვნენ სხვა პირებიც, თუმცა, როგორც  ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, პროკურატურამ ამ საქმეში 25 პირის მიმართ დევნა შეწყვიტა. საქმე 2012 წლიდან თაროზე იყო შემოდებული და ბოლო თვეებში გააქტიურდა მისი განხილვა.

“ბანკი ქართუს” საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვაში ედავებიან. ამ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ნიკა მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ნიკა მელიასთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით, ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეიკრიბებიან.