გარიცხავენ თუ არა რუსეთს ევროსაბჭოდან

 

რუსეთი კვლავ არ ესწრება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას და ამბობს, რომ არ გადაიხდის საწევრო შენატანს, რაც ფორმალურად ევროპის საბჭოს უფლებას აძლევს ივნისში დააყენოს საკითხი ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის შესახებ.

 

იმის თაობაზე, რომ რუსეთი კვლავ არ აპირებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საკუთარი დელეგაციის გაგზავნას მიმდინარე კვირას სახელმწიფო დუმაში და ფედერაციის საბჭოში განაცხადეს.

სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით რუსეთმა კვლავ გადადო საწევრო შენატანის გადახდა, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს. რუსეთის 2019  წლის ბიუჯეტში ეს თანხა გაწერილი არ არის.

“რუსეთი არ იყიდის ბილეთს იმ ფილმზე, რომელსაც კინოში არ უყურებს, და შესაბამისად არ გადაიხდის თავისი მონაწილეობის საფასურს. “ – განაცხადა ასამბლეაში რუსეთის წარმომადგენელმა, დუმის ვიცე სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ.

რუსეთი ევრსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საწევროს 2017 წლიდან არ იხდის. ორგანიზაციის წესდების მიხედვით 2019 წლის ივნისში დგება მომენტი, როცა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია დააყენოს საკითხი ამ ორგანიზაციაში რუსეთის შემდგომი წევრობის შესახებ.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთს ევრო საბჭოდან გარიცხავენ.

2014 და 2015 წლებში რუსეთის დელეგაციას ასამბლეაში ხმის უფლება ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა, გარდა ამისა, რუსებს არ შეუძლიათ ასამბლეაში მომხსენებლები იყვნენ, სხვა ქვეყნებში არჩევნების დამკვირვებლებად წავიდნენ და საერთაშორისო ორგანიზაციებში ასამბლეა წარმოადგინონ.  გარდა ამისა, რუსეთის წარმომადგენლებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანოებში ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ.  ამის გამო  2016 წელს მოსკოვმა საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. 2017 წელს კი ოფიციალურად განაცხადა საწევრო გადასახადის შეჩერების შესახებ. უკანასკნელი ტრანში ევროსაბჭოს ანგარიშზე 10 მლნ ევროს ოდენობით 2017 წელს გადაირიცხა.

რუსეთი მოითხოვს მისი დელეგაციის უფლებები აღდგეს და ასამბლეის რეგლამენტიდან ნაციონალური დელეგაციების უფლებამოსილების შეზღუდვის შესაძლებლობა გამოირიცხოს.

ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვის შემდეგ მას ავტომატურად უწყდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წევრობა. ექსპერტები შიშობენ, რომ ამან შეიძლება რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარება გააუარესოს.

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რამდენად მკაცრად მიუდგება მინისტრთა კომიტეტი ივნისში რუსეთის წევრობის საკითხის განხილვას და გარიცხავენ თუ არა რუსეთს საწევროს გადაუხდელობის გამო ევროსაბჭოდან.