“გარკვეული პაუზა მჭირდება“– დატოვებს თუ არა ოცნებას აკაკი ზოიძე

“გარკვეული პაუზა მჭირდება. პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, ოღონდ როგორც ჩანს, გულით არა, – ეს განცხადება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ის ამბობს, რომ შეხვედრაზე მოისმინა კოლეგების პოზიციები პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და მადლობა გადაუხადა იმ კოლეგებს, ვინც მხარი დაუჭირა ოცნების დაპირების შესრულებას, რომელიც საბოლოოდ ვერ შესრულდა.

“ძალიან განხიბლული ვარ საბოლოოდ, გულდაწყვეტილი, იმ შედეგებით, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ და რაც ასევე ვთვლი, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივეცით ხმა იმ დაპირების შესრულებას, რაც გავეცით. მეორე, მე მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, დასაფიქრებლად, ქვეყნის მომავალთან, ჩვენი გუნდის მომავალთან და ჩემს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ამ არგუმენტებისა და ამ სიტუაციის გააზრება. გარკვეული პაუზა მჭირდება ამისთვის და იმედი მაქვს ადამიანურად გამიგებთ“ – თქვა ზოიძემ.