გასულ წელთან შედარებით კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ” გამოაქვეყნა კორუფციის აღქმის ინდექსი, რის მიხედვითაც საქართველოს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 2 ქულით ნაკლებია.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოზიცია არ დაუკარგავს, ის კვლავ რჩება კორუფციის აღქმის თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერად, 180 ქვეყანას შორის საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იკავებს, თუმცა ქულის კლება ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.

,,სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კერძო ხელში კონცენტრაცია მნიშვნელოვანი წინაღობაა რეგიონში. გადამეტებული გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე კვლავაც წარმოადგენს დიდ გამოწვევას პოლიკიტური სამართლიანობისთვის საქართველოში, რომელმაც ორი ქულა დაკარგა გასული წლის შემდეგ,” – წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში გადაუჭრელი რჩება შემდეგი პრობლემები: ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში, კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა.