“გატყავებულ–ნაწამებ ცხოველში გამოწყობილი პრეზიდენტი“ – სალომე ზურაბიშვილის ბეწვის ქურქი და კრიტიკა სოციალურ ქსელებში

სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში ვიზიტი არა მისი შინაარსის, არამედ სალომე ზურაბიშვილის ბეწვის ქურქის გამო გახდა განხილვის თემა, რომელიც მას აეროპორტში ჩასვლისას და დახვედრის ცერემონიალისას ეცვა. ნატურალური ბეწვის ქურქი პოლიტიკოსისთვის ერთ–ერთ ყველაზე შეუფერებელ ჩაცმულობად ითვლება და იშვიათად თუ ნახავთ ცივილიზებულ მსოფლიოში პოლიტიკოსს, რომელიც ამ სამოსს ირჩევს, განსაკუთრებით ოფიციალური შეხვედრებისა და ცერემონიალებისთვის. და თუ ვინმემ ეს მაინც გადაწყვიტა, მომენტალურად ხდება თავდასხმის ობიექტი ცხოველთა უფლებების დამცველების და სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. ქართულ სოციალურ ქსელებში სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობას არაკორექტულს უწოდებენ და აკრიტიკებენ.

ნატურალური ბეწვის სამოსზე მსოფლიოს მაშტაბით სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს. ცხოველების დაცვის მოძრაობა მსოფლიოში გასული საუკუნის 60–იან წლებში გაჩნდა. თავიდან ის ნაკლებად ცნობილი იყო, თუმცა თანდათანობით სულ უფრო გავლენიანი გახდა. 80–იან წლებში უკვე რამდენიმე ასეული ორგანიზაცია მოქმედებდა, რომლებიც ნატურალური ბეწვის მოხმარების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ყველაზე მსხვილი კი მათ შორის იყო და დღემდე რჩება РЕТА (People for the Ethical Treatment of Animals – ადამიანები ცხოველების მიმართ ეთიკური მოპყრობისთვის). ამ ორგანიზაციის სათავეებთან ბევრი ცნობილი ადამიანი იდგა. მათ შორის ვარასკვლავები, რომლებიც დღემდე ორგანიზაციის აქტივისტები არიან.
ჰოლივუდის ვარსკვლავი, შარლიზ ტერონი ამ მოძრაობის აქტივისტია და აცხადებს, რომ ცხოველები ადამიანების ახირებების და მოდის გამო არ უნდა იტანჯებოდნენ. ის ცხოველების დაცვის სარეკლამო კამპანიებში აქტიურად მონაწილეობს.
“თუ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ძაღლის ქურქი ატაროთ, საერთოდ ნუ ატარებთ ნურანაირ ბეწვს თუ შეიძლება“ ამ მოწოდებით გამოვიდა მსახიობი ერთ–ერთი კამპანიის ფარგლებში.

მოდელი და მსახიობი პამელა ანდერსონი ასევე РЕТА –ს აქტივისტია. ის არა მხოლოდ ნატურალურ ბეწვს არ ატარებს, სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს. ის არაერთხელ გაშიშვლდა РЕТА –ს კამპანიისთვის ლოზუნგით “ჯობს შიშველმა იარო, ვიდრე ბეწვი ატარო.“

იგივე სახელწოდების კამპანიაში მიიღო მონაწილეობა ევა მენდესმა, რომელიც კარიერის გარიჟრაჟზე ერთ–ერთ ღონისძიებაზე ნატურალური ბეწვის ქურქით გამოჩნდა და РЕТА–სგან სერიოზული თავდასხმა მიიღო. ორგანიზაციის არგუმენტები მსახიობისთვის საბოლოოდ იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ სამუდამოდ უარი თქვა ბუნებრივ ბეწვზე და ორგანიზაციის აქტივისტი გახდა.

ბუნებრივი ბეწვის სამოსის აქტიური მოწინააღმდეგეა კრისტინა აგილერა. მომღერალი ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია. მას საკუთარი იდეალების ერთგულების საქმით დამტკიცებაც მოუწია. როცა დიზაინერმა რობერტო კავალიმ მისი საგასტროლო ტურისთვის სამოსი შექმნა ბეწვის გამოყენებით, მიუხედავად იმისა რომ წინასწარ ქონდა გაფრთხილება, ბეწვი არ გამოეყენებინა. მომღერალი აღშფოთდა და მოითხოვა ნატურალური ბეწვი ხელოვნურით შეეცვალათ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა სცენაზე რობერტო კავალის მიერ შექმნილი კოსტუმებით.

РЕТА–ს აქტივისტია მსახიობი პენელოპა კრუსიც, რომელიც ბევრი სხვა ვარსკვლავის მსგავსად ორგანიზაციის კამპანიისთვის გაშიშვლდა. ორგანიზაცია მას იმის ნიმუშად ასახელებს, როგორ შეიძლება იყო გლამურულობის განსახიერება ნატურალური ბეწვის გარეშე.

შეუძლებელია ყველა ვარსკვლავის ჩამოთვლა, ვინც ნატურალური ბეწვის ტანსაცმელში გამოყენების წინააღმდეგ გამოდის. მათი სია ძალიან გრძელია. გასული საუკუნის ბოლოდან დაწყებული კამპანია ამ საუკუნეში უფრო დიდი ძალით გაგრძელდა და საბოლოოდ შედეგი გამოიღო. დღეს ნატურალური ბეწვით საზოგადოებაში გამოჩენა ე. წ. სელებრითებისთვის ცუდ ტონად ითვლება, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკოსებზე. ბოლო წლებში ელიტარული მოდის  სახლები რიგრიგობით ამბობენ უარს ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე. მათ შორის არიან გუჩი, ბარბერი, ტომ ფორდი, ჯონ გალიანო, მეისონ მარჯიელა, ჯიმი ჩუ, ვერსაჩე.. სტელა მკარტნი კი ე.წ. “მწვანე მოდის“ პიონერია და ნატურალური ბეწვი არასოდეს გამოუყენებია.

სახელოვანი ბრენდები ცდილობენ სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენონ და საზოგადოებრივი განწყობების ტენდენციებს აუწყონ ფეხი.ნატურალური ბეწვის ქურქი საკუთარ თავზე შეყვარებულობის და დაბალი გემოვნების სიმბოლოდ იქცა, მისი გამოყენება კი სარისკოდ.