გაუმჭვირვალე სასამართლო სისტემა, მზარდი კორუფცია და ბიძინა ივანიშვილი-როგორც არაფორმალური მმართველი- გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია- Freedom House 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში, საქართველოსთან დაკავშირებით ყველა იმ პრობლემას ეხება, რომელზეც ქვეყნის შიგნითაც საუბრობენ. ანგარიშის მიხედვით საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგშია. მას 100 –დან 63 ქულა აქვს მინიჭებული. შარშან საქართველოს 64 ქულა ქონდა.
სასამრთლო სისტემა, რომელიც უკვე დიდი ხანია ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა და ქართულ ოცნებაში განხეთლიქების მიზეზია ფრიდომ ჰაუსის ანგარიშშიც კრიტიკულად შეფასდა. დოკუმენტში წერია, რომ მიმდინარე რეფორმის მიუხედავად სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა და კორუფცია პრობლემად რჩება.
„2018 წლის აგვისტოში ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მიზეზების გამო, თუმცა ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ ეს გადადგომა ზეწოლის ქვეშ მოხდა. ახალი საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიშნებიან და არა პრეზიდენტის მიერ და შემდეგ მათ პარლამენტი ამტკიცებს. დეკემბერში საბჭომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების სია წარადგინა, მაგრამ არასამთავრობოების ჯგუფმა განაცხადა, რომ გამოყენებული იყო გაუმჭვირვალე პროცესი და შელახული რეპუტაციის მქონე მოსამართლეები იყვნენ შერჩეულნი. არასამთავრობოების ჯგუფმა პარლამენტს მოუწოდა კვალიფიკაციის უფრო ძლიერი წესები და გამჭვირვალე პროცედურები მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისთვის, ვიდრე საბჭოს მიერ წარდგენილი რომელიმე კანდიდატის განხილვას შეუდგება.“
ანგარიშში, ისევე როგორც წინა წლებში კვლავაც საუბარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე და ივანიშვილის არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ფინანსურ და ბიზნეს გავლენებზე. ნახსენებია ყოფილი პრემიერი-გიორგი კვირიკაშვილიც, რომელიც ფრიდომ ჰაუსის დაკვირვებით ივანიშვილთან ეკონომიკური პოლიტიკის საკითხში უთანხმოების გამო გადადგა.
„ბიძინა ივანიშვილი, მდიდარი ბიზნესმენი, რომელმაც 2011 წელს პარტია ქარტული ოცნება დაარსა, 2013 წელს პრემიერის პოსტიდან გადადგა, თუმცა რჩება არაფორმალურ მმართველად. არჩეული თანამდებობის პირების უნარი, განსაზღვრონ და განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა, შესუსტებულია ივანიშვილის არაფორმალური როლით. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების გადაწყვეტილებების მიღებაზე. მისი დე ფაქტო ძალაუფლების დემონსტრირება 2018 წლის ივნისში მოხდა, როდესაც პრემიერი კვირიკაშვილი ივანიშვილთან ეკონომიკური პოლიტიკის საკითხში უთანხმოების გამო გადადგა.“
ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე საუბრის ნაწილში მოხვდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენებიც. ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ არჩევნების პროცესს ჩრდილი მიაყენა ბრალდებებმა ხმების მოსყიდვაზე. დოკუმენტში საუბარია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო უბნებთან მმართველი პარტიის აქტივისტების სიებით მორიგეობაზე. ხაზგასმულია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის საკითხიც.














