“გავა წლები და ვინც აქ ზიხართ და ხმა არ მიეცით წინ დაგხვდებათ“–პარლამენტმა მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა ჭირდებოდა, თუმცა  საკითხს კენჭისყრაზე 30 მომხრე და 3 მოწინააღმდეგე ჰყავდა. საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოპოზიციის მოთხოვნას კომისიის შექმნის შესახებ, კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა.
„სამწუხაროა, რაც დღეს ამ დარბაზში მოხდა. მოკლული მამა ჩვენგან ითხოვდა პასუხს, რატომ მოუკლეს შვილი. თქვენ დღეს უარი თქვით, შეიტყოთ სიმართლე და გაიგოთ, რატომ მოკლეს მძინარე ადამიანი საკუთარ სახლში. ამ პასუხისმგებლობით მოგიწევთ საკუთარი საქმიანობის გაგრძელება“ – განუცხადა მმართველ გუნდს სალომე სამადაშვილმა. ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ დღევანდელი დღის შემდეგ, უმრავლესობასთან ლაპარაკი უკვე შაურაცხმყოფელია.

„პირობას გაძლევთ, გავა წლები და ვინც აქ ზიხართ და ხმა არ მიეცით, წინ დაგხვდებათ. მთელ ქვეყანას უნდა გაეგო, რატომ დაიხვრიტა ბავშვი საკუთარ ლოგინში. მაგრამ ეს არ გინდოდათ, იმიტომ რომ გეშინიათ. მარტო ხელფასს იღებთ ამ პარლამენტში, მარტო მანქანა გაინტერესებთ და მარტო რესტორნები“ – განუცხადა ნიკა მელიამ უმრავლესობას. თინა ბოკუჩავამ კი განაცხადა, რომ მმართველ უმრავლსეობაში 20 დეპუტატსაც არ აღმოაჩნდა გამბედაობა, ივანიშვილის ნების წინააღმდეგ მიეღო გადაწყვეტილება.