“გავრილოვისთვის ბოდიში არ მომიხდია”-ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვისთვის 20 ივნისს ბოდიში მას არ მოუხდია.

“მე იგი ვნახე აეროპორტში, როდესაც თვითმფრინავი მიფრინავდა, იმ პერიოდში იქ ვიყავი ახლო-მახლო. მივედი მასთან, ვნახე, როგორ მიმდინარეობდა მათი გამგზავრება და ძალიან მოკლე საუბარი მქონდა. სულ რამდენიმე ფრაზა იყო გავრილოვთან. ბოდიშები არ მოგვიხდია. მივედი, ვნახე, როგორ მიმდინარეობდა მათი გამგზავრება. შემიძლია ეს დაგიდასტუროთ. დეგელაცია მიემგზავრებოდა. მას აცილებდნენ შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები და რამდენიმე წუთის შემდეგ ის თვითმფრინავი გაემგზავრა“, – განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს საქართველოს ნაჩქარევად  დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლის გამო  მას მოსკოვში გამგზავრების წინ  რამდენიმე ქართველმა პოლიტიკოსმა ბოდიში მოუხადა. მან ამ დეპუტატების ვინაობა არ დაასახელა.