საპატრიარქოს პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარების გამო მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა. დეკანოზი ფეისბუქზე წერს, რომ გავრილოვმა განუმარტა სასულიერო პირებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ხელში იარაღი არასოდეს აუღია.
მისივე თქმით, მათ გავრილოვს უთხრეს, რომ საქართველოს ეკლესიისათვის არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით წუხილი გადასცეს.
“საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები შევხვდით და ვესაუბრეთ თავად ს. გავრილოვსაც. ჩვენის მხრიდან ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ეკლესიისათვის არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება და გადავეცით მთელი მოსახლეობის წუხილი და აღშფოთება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მათივე სახელითაც ვთხოვეთ ზოგიერთი განმარტება.
მათ შორის ვკითხეთ, ხედავს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმ მოცემულობაში, როდესაც კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღიარა.
რუსეთის დუმის დეპუტატმა განგვიცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ეს მოხდეს დიალოგის საშუალებით. საუბარში მონაწილეობდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე გრიგოლი (კაცია) და მე.
ს.გავრილოვმა საჭიროდ ჩათვალა და ასევე განგვიმარტა, რომ არასოდეს აუღია ხელში იარაღი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორ ამის შესახებ ვრცელდება ინფორმაციაო.
მიღების დასასრულს უკრაინის ელჩთან გვქონდა საუბარი საერთო სატკივარზე რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში”,-ნათქვამია დეკანოზ ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.