“გავრილოვს ყველაფერი რომ მოვუყევი და ცოტა გონს მოვიდნენ”-ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დღეს მართლმადიდებელი ქვეყნების შეკრება იყო, იმიტომაც მიიღო დარტყმა ამ ასამბლეამ. მე მზად ვარ რუს დეპუტატებთან ერთად დავჯდე ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ სალაპარაკოდ და არ ვარ მზად ჩემი ქვეყნის საზიანოდ წავიდე და რაღაც თამაშები ვითამაშო. მე მივმართე გავრილოვს და ვკითხე რატომ მოხვედი. მე მშობლები მყავს დასაფლავებული თბილისშიო, იქ ვაპირებ ახლა წასვლასო. საქართველო ჩემი სამშობლოაო. ხომ ხედავთ სად დაარტყეს?
გავრილოვი არის პროქართველი, ამიტომაც მოხვდა დღეს მას. მას უშუალოდ არ აქვს აღიარებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. დამიდონ ერთი ფაქტიო. მერე მეც დავმშვიდდი და მეც მშვიდად ველაპარაკე, შენი მეშვეობით შემოვარდა ეს ხალხი აქ და ამას მოსკოვი აკეთებს შენი მეშვეობით-მეთქი. გაშეშდნენ, ვერაფერს მპასუხობდნენ. მოვუყევი რა გააკეთეს კოდორის ხეობაში, როცა სააკაშვილი კონსტიტუციის დარღვევით შემოვარდა კოდორის ხეობაში და როგორ დამარტყეს რუსებმა ზურგში, დაეხმარნენ სააკაშვილს, რომ კოდორის ხეობა ხელში ჩაეგდო და მიეცა მათთვის. ყველაფერი რომ მოვუყევი ცოტა გონს მოვიდნენ და ალბათ გააანალიზებენ”,- განაცხადა კვიციანმა.