{{ARTICLEIMAGE}}
იანვრიდან შესაძლოა, გაზი გაძვირდეს. ერთ კვირაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ გადასახადს დააწესებს. ყაზტრანსგაზის, სოკარ ჯორჯია გაზის და საქორგაზის სატარიფო განაცხადებზე სემეკში უკვე რამდენიმე თვეა, მსჯელობენ, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით, ეს დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა. მარეგულირებელი კომისია გაზის ტარიფის შესაძლო გაძვირებას არც ადასტურებს და არც უარყოფს. კომისიის წევრი გოჩა შონია ცხადებს, რომ ახალი ტარიფის დაანგარიშებისას სხვადასხვა კომპონენტს ითვალისწინებენ, მათ შორის ლარის კურსს. იქონიებს თუ არა გაუფასურებული ლარი გაზის გადასახადის კორექტირებაზე გავლენას, შონიას სატარიფო ცვლილებაზე წინასწარ საუბარი უჭირს.
ენერგეტიკოსების ნაწილი ლარის გაუფასურების ფონზე გაზის გაძირებას ელოდება. დავით ებრალიძე ამბობს, რომ არსებულ რეალობაში ის ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ ტარიფის დაანგარიშებისას გაუფასურებული ლარი რომელიმე სხვა კომპონენტმა დააბალანსოს. ებრალიძე სემეკის მიერ ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ 2014 წელს მიღებული მეთოდოლოგია არასწორია და კანონს ეწინააღმდეგება.
საქართველოს მოსახლეობისთვის გაზის გაძვირებას არ გამორიცხავს არც ილიას უნივრსიტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან მეგრელიშვილი. თუმცა ენერგეტიკოსი ამბობს, რომ ლარის გაცვლითი კურსი შესაძლოა, სხვა კომპონენტებმა დააბალანსონ. მეგრელიშვილი გაზის ტარიფის ზრდაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ შესაძლოა, არ გაძვირებამ ბევრად მეტი პრობლემა შექმნას. ის მიიჩნევს, რომ მთავარი ტარიფის სწორად დათვლაა.
ლარის გაუფასურების, საკვები პროდუქტების და ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ, გაუძვირდება თუ არა მოსახლეობას გაზიც – ეს 26 დეკემბერს მას შემდეგ გაირკვევა, რაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 3 კომპანიის განაცხადებზე იმსჯელებს.