{{ARTICLEIMAGE}}
“ყაზტრანსგაზის” აბონენტებისთვის თბილისში ბუნებრივი აირის საფასური შემცირდა. თბილისში გათვალისწინებული ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს. ამჟამად მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი 46,153 თეთრია. ფასში ცვლილების შემდეგ სამომხმარებლო ტარიფი პირველი იანვრიდან 46. 139 თეთრი იქნება. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილებით, იმ რეგიონებში, სადაც “სოკარ ჯორჯია გაზი” ოპერირებს, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით მცირდება.
“სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 56.940 თეთრია. 2019 წლის პირველი იანვრიდან, 1 კუბურ მეტრზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი 56.929 თეთრი იქნება.
რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც “საქორგაზი” ოპერირებს, იქ ტარიფი 0.012 თეთრით შემცირდა.”საქორგაზის” აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 57.011 თეთრია, პირველი იანვრიდან მათთვის ახალი ტარიფი ამოქმედდება – 56.999 თეთრის ოდენობით.
დღეს დადგენილი ახალი ტარიფი 2019 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.
“შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სამომხმარებლო ტარიფი პირველი იანვრიდან ახალი მოცემულობით ამოქმედდება. დღეს მოქმედი ტარიფის ვადა იწურება მიმდინარე წლის ბოლოსთვის. შესაბამისად, იმ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე, რომელიც გაანალიზდა და რომელიც კომისიის აპარატის პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ტარიფში, ბუნებრივია, ცვლილებები იქნება. თუ როგორი ცვლილება იქნება, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია”, განაცხადა გივი სანიკიძემ, სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სხდომა “ლეიბორისტული” პარტიის აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, “სემეკი გაზის ტარიფის გაზრდას აპირებდა, თუმცა მათი აქციის ფონზე ამის გაკეთება ვერ გაბედა”.